პროექტის დასრულების შემდეგ ვსვამთ შეკითხვას: წარმატებული იყო თუ არა ის? პასუხი, წესით, მარტივია — თუ ვადებში ჩაჯდა და ბიუჯეტს არ გადააჭარბა, მაშინ წარმატებული იყო. თუმცა, დღეს შეფასების ეს მოდელი აღარ არის ეფექტური.
„ფლომასტერის“ გუნდმა გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ თანამედროვე მიდგომები, რომლებიც პროექტის რეალური ღირებულების დანახვაში დაგეხმარებათ.
რატომ აღარ მუშაობს ძველი მეთოდები
ტრადიციული გაზომვის სისტემა — დრო, ბიუჯეტი და მოცულობა — XX საუკუნის შუა წლებიდან მოდის. მაშინ პროექტები წინასწარ განსაზღვრული და სწორხაზოვანი იყო. დღეს კი ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ერთი პროდუქტის წარმატება შეიძლება სამ თვეში შეიცვალოს, ხოლო გუშინდელი ინოვაცია დღეს უკვე მოძველებული აღმოჩნდეს.
წარმოიდგინეთ, რომ პროექტის ფარგლებში შექმენით სასწავლო პლატფორმა. მასზე მუშაობა განსაზღვრულ ვადებში და ბიუჯეტის ფარგლებში დასრულდა. ყველაფერი გამართულად მუშაობს და ფორმალურად ის წარმატებულიცაა. თუმცა, მოდით, ის დროისა და ბიუჯეტის მიღმა შევაფასოთ. თუ მას არ იყენებენ მოსწავლეები, მასწავლებლები კი სარგებელს ვერ ხედავენ, მაშინ რეალურად არის კი ის წარმატებული?
ოთხი დონე, რომელიც პროექტის წარმატებას განსაზღვრავს
პირველი დონე ოპერაციული ეფექტურობაა. დიახ, ვადები და ბიუჯეტი კვლავ მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის ერთადერთი. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ პროექტი პირველივე დონეზე ჩავარდა, გადააჭარბა ვადებსაც და ბიუჯეტსაც, სხვა დონეები წარმატებული ვერანაირად ვერ იქნება.
მეორე დონე პროდუქტის ხარისხს აფასებს:
- აკმაყოფილებს თუ არა შედეგი მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს?
- იყენებენ თუ არა მას? რამდენად კმაყოფილები არიან?
აქ უკვე ვზომავთ არა პროცესს, არამედ შედეგის რეალურ სარგებლიანობას. აქ პასუხი გაეცემა მთავარ შეკითხვას — თუ შევქმენით რაღაც, რაც არავის სჭირდება, რა აზრი ჰქონდა მთელ პროცესს?
მესამე დონეზე ბიზნეს მიღწევები ფასდება. მოიტანა თუ არა პროექტმა დაგეგმილი ფინანსური შედეგი, გაუმჯობესდა თუ არა კომპანიის პოზიციები ბაზარზე, გაიზარდა თუ არა ეფექტურობა. ამ ეტაპზე ჩანს, იყო თუ არა ამ პროექტი ინვესტირება კარგი იდეა.
მეოთხე, ყველაზე რთული დონე გრძელვადიანი გავლენაა. ზოგჯერ პროექტი ქმნის ღირებულებას — ცოდნა, შესაძლებლობები, და ა.შ. —, რომელიც თავიდან შეუმჩნეველია. გრძელვადიანი გავლენა შეიძლება თვეების ან წლების შემდეგ გამოვლინდეს.
სხვადასხვა ადამიანი და სხვადასხვა წარმატება
პროექტის წარმატება სუბიექტურია და ეს არ არის პრობლემა, არამედ რეალობაა, რომელიც უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ. სტუდენტისთვის წარმატებული სასწავლო პროგრამა ის არის, რომელიც პრაქტიკული უნარების განვითარებაში ეხმარება და კარიერულ შესაძლებლობებს უხსნის. მასწავლებლისთვის ის პროექტი იქნება წარმატებული, რომელიც მას სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდაში და შედეგების გაზრდაში დაეხმარება. პროექტის მენეჯერისთვის კი წარმატება კმაყოფილი დამკვეთი და მოტივირებული გუნდია.
ფაქტორები, რომლებიც რთულად იზომება
არსებობს ასპექტები, რომლებიც ციფრებში ძნელად თავსდება, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გუნდის მოტივაცია და ჩართულობა, ორგანიზაციული კულტურის ცვლილება, ნდობის დონე პარტნიორებთან გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულ პროექტზე, არამედ მომავალ წარმატებაზეც.
როგორ გავზომოთ კრიტიკული აზროვნების განვითარება? როგორ დავითვალოთ კრეატიულობის ზრდა? ეს კითხვები რთულია, მაგრამ თუ რეალური პროგრესის მიღწევა გსურთ, მაშინ მათზე პასუხის გაცემა აუცილებელია.
პრაქტიკული რჩევები გაზომვისთვის
დაიწყეთ მარტივად. არ გჭირდებათ ასობით ცვლადი. აირჩიეთ 3-5 ძირითადი მაჩვენებელი, რომლებიც უპასუხებს კითხვას: მივაღწიეთ თუ არა იმას, რისთვისაც პროექტი დავიწყეთ? თითოეული ცვლადი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი და რელევანტური.
გაზომეთ რეგულარულად. ყოველდღიური მონაცემები პრობლემების დროულად აღმოჩენაში დაგეხმარებათ, თვიური მიმოხილვები აჩვენებს ტენდენციებს, წლიური შეფასება კი რეალურ გავლენას. რეგულარული გაზომვა საშუალებას მოგცემთ პროექტში დროულად შეიტანოთ ცვლილებები.
წარმატების მსგავსად, მარცხიც ღირებული გამოცდილებაა, ამიტომ იყავით გამჭვირვალე და თუ რაღაც არ გამოვიდა, აღიარეთ. ამის შემდეგ, ეცადეთ ხარვეზები გამოავლინოთ და იფიქროთ იმაზე, როგორ გააუმჯობესოთ ისინი. გახსოვდეთ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მარცხს მალავენ, ვერასოდეს ისწავლიან და იგივე შეცდომებს გაიმეორებენ.
ჩართეთ გუნდი გაზომვის პროცესში. ის ადამიანები, რომლებიც პროექტზე მუშაობენ, ხშირად ყველაზე კარგად ხედავენ რეალურ სურათს. მათი პერსპექტივა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, რაც მონაცემების მიღმა რჩება.
პარადოქსი — როცა წარმატების გაზომვა მთავარი მიზანი ხდება
შეფასების სისტემის აწყობისას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გახსოვდეთ: თუ მთავარ მიზნად წარმატების გაზომვა იქცევა, ის სულ სხვა შედეგამდე მიგიყვანთ. პირობითად, როცა სკოლის წარმატება მხოლოდ ტესტების შედეგებით იზომება, სასწავლო პროცესი იქითკენ მიემართება, რომ მოსწავლეებმა რაც შეიძლება მაღალი ქულა მიიღონ და მიზანი, ღრმა და ფუნდამენტური ცოდნის მიღება, მიუღწეველი რჩება.
იგივე ხდება პროექტების მართვაშიც. თუ მარკეტინგული კამპანიის წარმატება მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობით გაიზომება, შედეგად მიიღებთ უამრავ, მაგრამ დაბალი ხარისხის კონტენტს, რომელიც მომხმარებლის რეალურ ჩართულობასა და ლოიალობას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სტატისტიკა კი იყოს არა თვითმიზანი, არამედ ის ღირებულება, რომელიც გრძელვადიან შედეგს მოიტანს.
და ბოლოს: პროექტის წარმატების გაზომვა რთული, მაგრამ აუცილებელი პროცესია. ის, რასაც ზომავთ და როგორ ზომავთ, გავლენას ახდენს გუნდის მუშაობაზე, შედეგებზე და ორგანიზაციის განვითარებაზე.
მთავარია გახსოვდეთ, რომ ვადები და ბიუჯეტი მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისია. რეალური წარმატება მოიცავს მომხმარებლის კმაყოფილებას, ბიზნესის მიზნების მიღწევასა და გრძელვადიან გავლენას.
თუ გსურთ გაიღრმაოთ ცოდნა პროექტების მართვაში და ისწავლოთ თანამედროვე მეთოდები, „ფლომასტერის” პროექტის მართვის ტრენინგის გავლას გირჩევთ.
