როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი კარიერული წინსვლისთვის

როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი კარიერული წინსვლისთვის

ხომ არ გქონიათ შემთხვევა, როდესაც თქვენმა კოლეგამ თითქოსდა შეუძლებელი შეძლო და რთული დავალება საოცრად მოკლე დროში შეასრულა? სანამ თქვენ გრძელ ანგარიშს ამზადებდით, მან უკვე პრეზენტაციის მონახაზიც მოასწრო და ახალ პროექტზეც დაიწყო ფიქრი. გიფიქრიათ, რა არის მისი საიდუმლო იარაღი? დიდი ალბათობით, ის ახალ რეალობას მოერგო და ხელოვნური ინტელექტი (AI) თავის ყოველდღიურ ასისტენტად აქცია. 

ამ მიმართულებით სტატისტიკაც ძალიან საინტერესოა — ისინი, ვინც AI-ს იყენებენ, საშუალოდ 25-30%-ით მეტს შემოსავალს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი კოლეგები იმავე პოზიციებზე. ამის მიზეზი მარტივია — მეტს ასწრებენ და დამსაქმებელს უკეთეს ხარისხს სთავაზობენ.

თემის აქტუალობის ფონზე, „ფლომასტერის“ გუნდმა მოგიმზადეთ ბლოგი, სადაც დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ AI კარიერული წინსვლისთვის

რატომ აღარ მუშაობს კარიერული წინსვლის ძველი მოდელი?

ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება კარიერული წარმატების მთავარ საზომად მიიჩნეოდა. თუმცა, დღეს ეს მიდგომა ნაკლებად ეფექტურია. AI უკვე წარმატებით ართმევს თავს იმ რუტინულ ამოცანებს, რომლებსაც ადრე დამწყები სპეციალისტები ასრულებდნენ. 

ხელოვნური ინტელექტი მოკლე დროში აანალიზებს დოკუმენტებს,  IT კომპანიებისთვის წერს საბაზისო კოდს, ამუშავებს ფინანსურ მონაცემებს და ა.შ. ამგვარი ავტომატიზაცია ქმნის ფენომენს, რომელსაც მკვლევრებმა ჩატეხილი საფეხური უწოდეს. იგულისხმება, რომ ახალბედა პროფესიონალებს უჭირთ კარიერულ კიბეზე პირველი ნაბიჯის გადადგმა,  რადგან ის საფეხური, სადაც პრაქტიკული გამოცდილება უნდა მიეღოთ, ნელ-ნელა ქრება. 

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის დოკუმენტის მიხედვით, შემდეგ 5 წელიწადში ჩვენი უნარების 40% უკვე დაძველდება. ამიტომ, ცოდნასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების ფლობა. ის, ვინც მას თეორიული სწავლების პარალელურად გამოიყენებს და გამოცდილებას დააგროვებს, კონკურენციას გაუწევს სხვებს. 

AI როგორც პირადი ასისტენტი

ბევრი ფიქრობს, რომ AI ადამიანს ანაცვლებს. რეალურად, ეს ასე არ არის. ხელოვნური ინტელექტი კი არ ანაცვლებს, არამედ აძლიერებს მის შესაძლებლობებს. მაგალითად, პროგრამისტი, რომელიც AI ხელსაწყოებს იყენებს, კოდს იმაზე უფრო სწრაფად დაწერს, დაშვებულ შეცდომებსაც მარტივად მიაგნებს და გადაჭრის გზებსაც წამებში აღმოაჩენს. ეს პრინციპი ვრცელდება ყველა სხვა სფეროზე. 

ამრიგად, თქვენ, როგორც პროფესიონალი, უფრო მოთხოვნადი იქნებით მაშინ, როცა სამუშაო პროცესებში AI-ის ჩართავთ და დროის კონკრეტულ მონაკვეთში იმაზე მეტ სამუშაოს შეასრულებთ, ვიდრე მის გარეშე უმკლავდებოდით. 

AI-სთან ერთად მუშაობა გამოცდილ კოლეგასთან საუბარს ჰგავს — რაც უკეთ აუხსნით, რა გჭირდებათ, მით ზუსტ პასუხს მიიღებთ. თუ ზოგად კითხვას დაუსვამთ, ზოგად რეკომენდაციას მიიღებთ. ამიტომ, მთავარია ისწავლოთ მისი გამოყენება, რაშიც ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი  დაგეხმარებათ.

პრაქტიკული ნაბიჯები კარიერული ზრდისთვის

ნუ ეცდებით, რომ ხელოვნურ ინტელექტს ერთბაშად რთული პროექტები მიანდოთ. უმჯობესია პატარ-პატარა ამოცანებით დაიწყოთ. ის მეილების რედაქტირებისთვის, შეხვედრების ანალიზისთვის ან იდეების გენერირებისთვის გამოიყენეთ.  ერთი კვირა დაუთმეთ მხოლოდ ამ ამოცანებს და დაინახავთ, რამდენი დრო გამოგითავისუფლდებათ სხვა საქმეებისთვის. 

ამის შემდეგ შექმენით პრომპტების ბიბლიოთეკა. როცა AI-სგან კარგ პასუხსა და შედეგს მიიღებთ, შეინახეთ შეკითხვის ან დავალების ის ფორმულირება, რომელიც გამოიყენეთ. დროთა განმავლობაში დააგროვებთ შაბლონებს, რომლებიც ეფექტურია და ამით სამუშაო პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებთ. მაგალითად, HR სპეციალისტს შეუძლია შეინახოს პრომპტები ვაკანსიების აღწერილობებისთვის, ინტერვიუს კითხვებისთვის და ა.შ. 

დააკვირდით და ისწავლეთ ჭეშმარიტი ინფორმაციის ცრუსგან გარჩევა. ხელოვნური ინტელექტი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც უამრავ ინფორმაციას ფლობს, თუმცა ის არ არის უშეცდომო. ამიტომ, ყოველთვის გადაამოწმეთ ფაქტები, რიცხვები, თარიღები. 

კარიერული განვითარება ახალი უნარებისა და ცოდნის გარეშე ვერ მიიღწევა. მას შემდეგ, რაც სამუშაო პროცესებში AI-ის გამოიყენებთ, საკმარისი დრო დაგრჩებათ შემეცნებისთვის და ჩვენ გირჩევთ, რომ ეს პროცესიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით წარმართოთ. მას შეუძლია რთული კონცეფციები მარტივი ენით აგიხსნათ, მოგცეთ პრაქტიკული მაგალითები და დავალებები, ბოლოს კი შეამოწმოს თქვენი ცოდნა. 

რას ელიან დამსაქმებლები?

კომპანიები დღეს ეძებენ კადრებს, რომლებსაც AI-სთან მუშაობა შეუძლიათ. LinkedIn-ის კვლევა აჩვენებს, რომ გასულ წელთან შედარებით ექვსჯერ მეტია იმ ვაკანსიების რაოდენობა, რომლებიც საკვალიფიკაციო უნარებში AI ინსტრუმენტების ფლობას ითხოვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანქანური სწავლების პრინციპები ან რთული ალგორითმები უნდა იცოდეთ. საკმარისია გქონდეთ გამოცდილება და იყენებდეთ ხელოვნურ ინტელექტს თქვენს სფეროში. 

იურისტი, რომელიც AI-ს იყენებს დოკუმენტების ანალიზისთვის, კონკურენტულ უპირატესობას იძენს. ბუღალტერი, რომელიც AI-თი ამოწმებს გათვლებს, შეცდომებს თავიდან იცილებს და სტრატეგიულ ამოცანებზე ფოკუსირდება. დიზაინერი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იდეების გენერირებისთვის იყენებს, უფრო კრეატიული ხდება და მცირე დროში მეტ პროექტს ასრულებს. 

რას ნიშნავს T ფორმის პროფესიონალი? 


ამ პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა კარიერული წარმატების ახალი მოდელი, რომელსაც T ფორმის პროფესიონალს უწოდებენ. ეს კონცეფცია განსაკუთრებით აქტუალურია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. 

T ასოს ვერტიკალური ხაზი კონკრეტულ სფეროში სიღრმისეულ და სპეციალიზებულ ცოდნას აღნიშნავს. ეს ცოდნა ქმნის პროფესიონალის იმ ღირებულებასა და უნიკალურობას, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. 

ჰორიზონტალური ხაზი კი დამატებით უნარებს, ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გულისხმობს. 

უკეთ რომ აღიქვათ ამ მოდელის არსი განვიხილოთ მაგალითი: პირობითად, ხართ ფინანსური ანალიტიკოსი. ყოველდღიურად სწავლობთ ბაზრის ტენდენციებს, აანალიზებთ დინამიკას და აკეთებთ დასკვნებს. პარალელურად, იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს დიდი მოცულობის მონაცემების გასაანალიზებლად. ამ კომბინირებული პროცესის შედეგად, ერთ კვირაში ასრულებთ იმ სამუშაოს, რაც ადრე თვეებს მოითხოვდა.

ეს მიდგომა ძალიან ეფექტურია, რადგან დარგობრივი ცოდნა სწორი კითხვებისა და აქცენტების დასმაში გეხმარებათ, ხელოვნური ინტელექტი კი რუტინულ სამუშაოებს ასრულებს და დროს ზოგავს. საბოლოოდ, შრომის ბაზარზე ყალიბდებით კადრად, რომელსაც აქვს საკითხის სიღრმისეული ცოდნა და ხელთ აქვს დამატებითი შესაძლებლობები. 

თუ გსურთ, რომ AI შეისწავლოთ და ის კარიერული ზრდისთვის გამოიყენოთ, „ფლომასტერი“, ამ და სხვა მიმართულებით, პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებულ ტრენინგებს გთავაზობთ. ჩვენთან არ ისწავლით მხოლოდ თეორიას, მიიღებთ  პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც თქვენს საქმიანობაში ეფექტურად გამოიყენებთ. 

მსგავსი სტატიები