რას ნიშნავს სრულ განაკვეთზე მუშაობა – დადებითი და უარყოფითი მხარეები

people working in the office

არსებობს ერთი ძველი, ცოტა მწარე ხუმრობა: „ერთადერთი გზა, რომ არც ფული გყოფნიდეს, არც დრო და არც ნერვები — სრული განაკვეთით მუშაობაა“. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იუმორია, თუმცა მასში საკმაოდ დიდი სიმართლე იმალება.

ბევრი მილენიალისთვის 9-დან 6-მდე სამუშაო გრაფიკი სტაბილურობის სიმბოლოა, სხვებისთვის კი — ბარიერი, რომელიც თვითრეალიზაციაში უშლის ხელს. სინამდვილეში, არ არსებობს „სწორი“ ან „არასწორი“ არჩევანი, არსებობს მხოლოდ თქვენი პრიორიტეტები.

ამ ბლოგში “ფლომასტერის” გუნდი დაგეხმარებათ დაინახოთ სრული განაკვეთით დასაქმების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რათა დასახოთ სწორი სტრატეგია.

რატომ გვიყვარს (და გვჭირდება) სტაბილური სამსახური?

სრული განაკვეთით მუშაობას თავისი ხიბლი აქვს, რასაც ხშირად ჩვენი ოჯახის წევრებიც შეგვახსენებენ: „გაუფრთხილდი, სტაბილურ სამსახურს!“.

აქ არის 3 მთავარი პლიუსი:

  1. გარანტირებული სტაბილურობა: რაც არ უნდა მოხდეს, თვის ბოლოს ანგარიშზე კონკრეტული თანხა აისახება. თუმცა, ფინანსური ფსიქოლოგია გვკარნახობს — რამდენიც არ უნდა იყოს ხელფასი (5$ იქნება ეს თუ სოლიდური საბანკო სარგებელი), ოჯახის ბიუჯეტი მას ყოველთვის „წამოეწევა“ და ათვისების გზებს იპოვის.
  2. დიდი სოციუმი და ბენეფიტები: კოლეგები, საერთო მიზნები, ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული პაკეტები — ეს ის კომფორტია, რასაც დიდი ორგანიზაცია გვაძლევს.
  3. „დაცულობა“ სისტემის მიერ: დიდ ორგანიზაციაში შენ ხარ დიდი მანქანის ნაწილი. კონტროლის სისტემები იმდენად მძლავრია, რომ ერთი ადამიანის შეცდომა ქვეყნიერებას ვერ დააქცევს. ეს გარკვეული სიმშვიდის განცდას გვიჩენს.

მეორე მხარე: რას ვთმობთ სტაბილურობის სანაცვლოდ?

ნებისმიერი ბიზნესის არსი მარტივია: იყიდოს შენი შრომა შედარებით იაფად და გაყიდოს უფრო ძვირად. ეს ის „ფასია“, რომელსაც სტაბილურობაში ვიხდით.

აქ არის 3 მთავარი გამოწვევა:

  • კრეატიულობისა და თავისუფლების შეზღუდვა: ბევრი უფროსი და მკაცრი პროცედურები ხშირად ახშობს ინოვაციურ იდეებს. როცა ხედავ უკეთეს გზას, მაგრამ „წესის გამო“ ვერ აკეთებ, მოტივაცია ნელ-ნელა ქრება და რუტინაში იძირები.
  • ვიწრო სპეციალიზაცია: დიდ კომპანიაში მუშაობისას ხშირად ხდებით საქმის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილის ექსპერტი. თქვენ ზედმიწევნით კარგად ფლობთ თქვენს კონკრეტულ მოვალეობას, თუმცა აღარ გესმით, როგორ მუშაობს მთლიანი საქმე თავიდან ბოლომდე. თქვენი ცოდნა ხდება ზედმეტად სპეციფიკური, რაც ხელს გიშლით დამოუკიდებელ ბაზარზე გასვლაში.
  • დროის დეფიციტი: სრული განაკვეთი ხშირად ნიშნავს, რომ 10-20 წლის შემდეგ აღმოაჩენ — ბავშვები გაიზარდნენ, შენ კი მათთან გატარებული დრო „სამსახურს შესწირე“.

პრაქტიკული გზამკვლევი: საით გაგიწევიათ?

გვიან დაწყება სჯობს საერთოდ არდაწყებას. თუ გრძნობთ, რომ დღევანდელი რეალობა თქვენს სამომავლო მიზნებს არ ემთხვევა, მიჰყევით ამ რჩევებს:

  1. იფიქრეთ 20 წლის პერსპექტივაში: დაუსვით საკუთარ თავს კითხვა — „რამდენად თავსებადია ჩემი დღევანდელი სამსახური იმ ადამიანთან, ვინც მინდა 10-20 წელიწადში ვიყო?“.
  2. გამოიყენეთ პარალელური რეჟიმი: არ არის აუცილებელი სამსახურის დატოვება ახალი უნარების ასათვისებლად. წარმატება და პროდუქტიულობა სწორედ იმაშია, რომ გამონახოთ დრო და რესურსი თვითგანვითარებისთვის დღევანდელი საქმის პარალელურად.
  3. ბალანსი მოკლე და გრძელვადიან მიზნებს შორის: დღეს შეიძლება ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ გრძელვადიანი ხედვის გარეშე დღევანდელ რეალობაში „ჩავრჩებით”.

თუ გრძნობთ, რომ ცვლილებებისთვის მზად ხართ, მაგრამ გჭირდებათ სწორი ხელსაწყოები და გარემო, შემოუერთდით “ფლომასტერის” ტრენინგებს. გააფართოვე შენი პროფესიული ჰორიზონტი, აითვისე თანამედროვე მიდგომები და განავითარე უნარები, რომლებიც კარიერულ წინსვლას მოგიტანს.

მსგავსი სტატიები