რა არის მიუღებელი კომუნიკაციის დროს?

რა არის მიუღებელი კომუნიკაციის დროს

ყველა ჩვენგანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როცა მნიშვნელოვანი საუბარი იმდენად წარუმატებლად დასრულებულა, რომ მიზეზს ვერც კი მივმხვდარვართ. ამ არასასიამოვნო გამოცდილებამ კი შეიძლება იმხელა წყენა და გაუგებრობა დაგვიტომა, რომ დღემდე ვერ მოგვინელებია. 

რატომ იშლება დიალოგი მაშინაც კი, როდესაც თითქოს ორივე მხარეს საერთო მიზანი აქვს? ზოგჯერ პრობლემა ის არ არის, რაც ითქვა, არამედ ის თუ როგორ ითქვა. კომუნიკაცია, რომელიც ნდობას ანგრევს და კავშირებს აზიანებს, მიუღებელია და მისი ამოცნობა ჯანსაღი ურთიერთობების წამოწყებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

დესტრუქციული პატერნების ამოცნობა: კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება

მიუღებელი კომუნიკაცია აუცილებლად უხეშ საუბარს არ მოიაზრებს. ეს შეიძლება იყოს ისეთი ქცევებიც, რომლებიც ხელს უშლის ურთიერთგაგებას, ანგრევს ნდობას და არღვევს ადამიანებს შორის მიღწეულ შეთანხმებას,  ვისწრაფვოდეთ პატივისცემისა და გაგებისკენ. 

ფსიქოლოგმა ჯონ გოტმანმა გამოყო კომუნიკაციის რამდენიმე დამანგრეველი პატერნი, რომელთაგან ორი განსაკუთრებით ხშირი და საზიანოა:  

  • კრიტიკა: კონკრეტულ ქცევაზე მითითების ნაცვლად, მის პიროვნებას ესხმით თავს. მაგალითად წარმოიდგინეთ სიტუაცია: მეგობარს უნდა შეხვედროდით, მან კი 1 საათით დაიგვიანა. თქვენ იმის ნაცვლად, რომ გეთქვათ „მეწყინა, როდესაც დააგვიანე“, ის გააკრიტიკეთ და უთხარით  „შენ  ყოველთვის აგვიანებ, რა უპასუხისმგებლო ხარ“. ასეთი მიდგომა ადამიანს თავდაცვის რეჟიმში აგდებს და კონფლიქტს ამწვავებს;
  • აგდებული დამოკიდებულება: ეს კომუნიკაციის ყველაზე მავნე ფორმაა, რადგან ზიზღსა და უპირატესობის განცდას გამოხატავს. ის ვლინდება სარკაზმით, ცინიზმით, დაცინვით ან ჟესტიკულაციით. ასეთი ქცევის მთავარი გზავნილია: „მე შენზე უკეთესი ვარ“, რაც ანადგურებს ადამიანის თვითშეფასებასა და ღირსების გრძნობას.

რა უნდა გავითვალისწინოთ არავერბალური კომუნიკაციის დროს 

კვლევები ცხადყოფს, რომ ინფორმაციის გადაცემისას, შინაარსის მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის სიტყვებზე. როდესაც სიტყვები და სხეულის ენა ერთმანეთს არ ემთხვევა, ადამიანები, როგორც წესი, უპირატესობას არავერბალურ სიგნალს ანიჭებენ. სწორედ ამიტომ, უთქმელი მესიჯები შეიძლება ნათქვამზე ბევრად უფრო მიუღებელი იყოს და დიალოგი ჩიხში შეიყვანოს.  

განვიხილოთ რამდენიმე გავრცელებული შეცდომა:

  • მუქარის შემცველი ჟესტები და პოზა: დაძაბული სხეული, შეკრული მუშტები ან პირად სივრცეში შეჭრა მტრობისა და საფრთხის სიგნალად აღიქმება. ეს ქცევები დიალოგისთვის სივრცეს აღარ ტოვებს;
  • შეუსაბამო ტონი და მიმიკა: ნეიტრალური ფრაზის აგრესიული ტონით თქმა გაუგებრობის მთავარი წყაროა. ამასთან, დამცინავი ღიმილი აგდებული დამოკიდებულებისა და უპატივცემულობის ფორმაა, რომელსაც ნებისმიერი საუბრის განადგურება შეუძლია.

როგორ წარვმართოთ დიალოგი უკეთესად?

კარგი ამბავი ისაა, რომ კომუნიკაცია დასწავლადი უნარია და მისი დესტრუქციული ფორმების შეცვლა სავსებით შესაძლებელია.  

როდესაც ვხვდებით, რა იწვევს კონფლიქტს, ჩვენ გვიჩნდება შესაძლებლობა, ვმართოთ საკუთარი რეაქციები და ავირჩიოთ სხვა, უფრო ეფექტური გზა. თუმცა, ნამდვილი ცვლილებისთვის საჭიროა ამ უნარების სიღრმისეულად შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა.

თუ გსურთ, შეისწავლოთ ჯანსაღი დიალოგის სტრატეგიები და თავდაჯერებულად მართოთ ნებისმიერი საუბარი, „ფლომასტერის“ ეფექტური კომუნიკაციის კურსზე დარეგისტრირდით.

მსგავსი სტატიები