ეჯაილს მიდგომით, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი კომპანია მუშაობს.
რა არის ეჯაილი? ეს არ არის არც მეთოდოლოგია და არ მეთოდი, ეს არის მუშაობის კონკრეტული მიდგომა, რომელიც ეჯაილის პრინციპებს და ფასეულობებს ემყარება. როდესაც კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, რომ იმუშაოს ეჯაილ მიდგომით ეს ნიშნავს, რომ კომპანიაში მომუშავე თანამშრომლები თანხმდებიან ეჯაილის პრინციპებსა და ფასეულობებზე და მუშაობას განაგრძობენ ასე.
ეჯაილის შექმნის ისტორია 2001 წელს, ამერიკის ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე დაიწყო, რა დროსაც შეიკრიბა აიტი დარგის 17 წარმომადგენელი და მსჯელობდნენ თავიანთ საქმიანობაზე, რა მოსწონდათ და არ მოსწონდათ. მივიდნენ დასკვნამდე, რომ გრძელვადიანი პროცედურები ხელს უშლიდათ, რომ სწრაფად და მოქნილად განეხორციელებინათ ცვლილებები.
სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საბოლოოდ იქვე შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება ეჯაილ მანიფესტი და მოიცავს 4 ღირებულებას და 12 პრინციპს. სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ეჯაილის პრინციპებსა და ღირებულებებს და ეს ითვლება ეჯაილ მიდგომის მუშაობის მთავარ დოკუმენტად.
ეჯაილ მანიფესტის დოკუმენტის მიხედვით მთავარი და მნიშვნელოვანი არის პიროვნება და შემდეგ მოდის უკვე ყველა ის პროცედურა, რომელიც პიროვნებებს ეხმარებათ განახორციელონ თავიანთი სამუშაოები და უფრო მოქნილი და ეფექტური გახადონ თავიანთი საქმიანობა.
გთავაზობთ 4 მთავარ ღირებულებას, რომელიც გაწერილია ეჯაილ მანიფესტში.
ეჯაილ მანიფესტის ხელმომწერები ამბობენ რომ:
1. პიროვნებებსა და ურთიერთობებს ვამჯობინებთ პროცესებსა და ინსტრუმენტებს.
2. მომუშავე პროგრამულ უზრუნველყოფას ვამჯობინებთ ამომწურავ დოკუმენტაციას.
3. დამკვეთთან თანამშრომლობას ვამჯობინებთ კონტრაქტის პირობების შეთანხმებას.
4. ცვლილებაზე რეაგირებას ვამჯობინებთ გეგმის ზედმიწევნით დაცვას.
ამ ოთხი ღირებულების დანერგვა ორგანიზაციაში, ფაქტობრივად, მოითხოვს მართვის სრულიად ახლებურ მიდგომას, სადაც მენეჯერი არის არა მიკრომენეჯერი და მაკონტროლებელი, არამედ გუნდის დამხმარე და დაბრკოლებების მომხსნელი.
ეჯაილ მანიფესტის 12 პრინციპიდან ერთ-ერთი გულისხმობს სწორედ იმას, რომ კომპანიებმა გზადაგზა ცვალონ დამოკიდებულებები და უფრო ეფექტური გახადონ მუშაობა. ამით კომპანიებს საშუალება ეძლევათ, რომ ჩამოაყალიბონ განსხვავებული მიდგომები ადამიანების, ურთიერთობების და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
სწორედ ამ მიდგომაზე დაფუძნებით ჩამოყალიბდა ისეთი პროექტის მართვის მეთოდოლოგიები, როგორიცაა სქრამი, კამბანი, სკრამბანი და ა.შ. დღეს ყველაზე აქტუალურია სქრამი და კამბანი, რომლებზეც დეტალურად შემდეგ სტატიებში მოგიყვებით.
ირინა მამულაიშვილი
ეკატერინე ხუცაიძე