დაფიქრდით, ორგანიზაციაში, სადაც მუშაობთ, არის თუ არა რაიმე წესი კომპანიის მარაგების მოპარვასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებით. სადაც არ უნდა მუშაობდეთ, დარწმუნებული ვართ, ამ წესების დაცვა მნიშვნელოვანია – იქნება ეს დადგენილი სტანდარტები, უსაფრთხოების წესები, თუ პროცედურები, რომლებიც ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანიაში ქურდობა დაუსჯელი არ დარჩება.
თანამშრომელს, რომელიც საწყობიდან იპარავს რაიმეს, ან აზიანებს და აფუჭებს კომპანიის ინვენტარს, კარგი ბედი ნამდვილად არ ეწევა. კომპანიების უმეტესობა ხელშეკრულების დონეზე არეგულირებს ასეთ საკითხებს.
ორგანიზაციები ცდილობენ, მაქსიმალურად ნათლად ახსნან, რომ არ შეიძლება კომპანიის საკუთრების დაზიანება და მოპარვა.
ამის საჭიროებაში, რა თქმა უნდა, ყველა გვეთანხმება.
ჩვენ გვაქვს მეორე შეკითხვა.
ფიზიკური ქურდობა vs. მოტივაციის ქურდობა
რა მოხდება, კომპანიაში ვინმეს რომ შეუსწროთ, როგორ იპარავს სხვა თანამშრომლის ენერგიას და როგორ აზიანებს სხვების მოტივაციას.
დაფიქრდით, აზიანებენ თუ არა კოლეგები ხანდახან ერთმანეთის მოტივაციას, იპარავენ თუ არა თანამშრომლები ერთმანეთის ენერგიას?
პასუხი, რა თქმა უნდა, იქნება დიახ.
„კურილკის“ მთელი ძალაუფლება იმაში მდგომარეობს, რომ ჯანსაღად მოტივირებული ადამიანი იქიდან დემოტივირებული გამოდის.
ახლა დაფიქრდით, აქვს თუ არა თქვენს კომპანიას წესები, რომლებიც შრომით ხელშეკრულებაშია გაწერილი, ან როდესმე თუ აგიხსნიათ თანამშრომლებისთვის, რომ კოლეგების მოტივაციის და ენერგიის მოპარვა არის ქურდობა და დანაშაული, რომელიც არ დარჩება დაუსჯელი.
საოცარია, მაგრამ გამოცდილ მენეჯერებსაც კი უჭირთ საკითხის ამ კუთხიდან დანახვა. ასეთი „უხილავი“, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირებასა და მართვას ისწავლით ჩვენი მენეჯმენტის კურსის ფარგლებში.

როგორ ვებრძოლოთ მოტივაციის ქურდობას?
პირველ რიგში, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რაც არ შეიძლება, არ შეიძლება. ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „კურილკის“ ამარა ვერ დავტოვებთ.
ბევრმა ორგანიზაციამ ისწავლა ჭკუა და კომპანიის იმიჯის დაზიანება სოციალურ ქსელში თუ სხვა სივრცეებში თანამშრომლებს უბრალოდ აუკრძალა. სხვა საკითხია, რატომ მოუნდა თანამშრომელს ასეთი რამის გაკეთება, თუმცა, ამ სტატიაში ამას არ განვიხილავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ მსგავსი საქციელი პრობლემას წარმოადგენს.
ძალიან ბევრი მენეჯერისთვის აგვიხსნია, რომ სხვებთან წუწუნი, ნეგატივის გამოხატვა და პესიმიზმი არის ენერგიისა და მოტივაციის ქურდობა. Flowmaster-ის მისიაა, დაეხმაროს ორგანიზაციებს პოზიტიური და მაღალპროდუქტიული სამუშაო კულტურის შექმნაში, სადაც ასეთი ქცევა მიუღებელია.
არსებობს ორი დონე.
პირველი, უნდა ველაპარაკოთ თანამშრომლებს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ იმასაც ვემხრობით, რომ კომპანიის ფასეულობების სისტემაში და დოკუმენტაციაშიც იყოს ამაზე ლაპარაკი, HR-მაც რეგულარულად აწარმოოს კომუნიკაცია ამ თემაზე. ასეთი კულტურული ნორმების დანერგვა და მთელი გუნდისთვის გაზიარება კორპორატიული ტრენინგების ერთ-ერთი მთავარი შედეგია.
მოტივაციის მოპარვა ისეთივე დანაშაულია, როგორც სხვა ნივთების, უარესი თუ არა. თუ რამით უკმაყოფილო ხართ, სჯობს, მიხვიდეთ ხელმძღვანელთან ან HR-თან და კონსტრუქციული დიალოგი გამართოთ.
პირადი პასუხისმგებლობა
გაუფრთხილდით ერთმანეთის ენერგიას და კოლეგების მოტივაციას. გვესმის, რომ ზოგჯერ გინდათ ენერგიის გამოშვება, წუწუნი, ჩივილი, მაგრამ სხვა ადამიანს ნუ გაუფუჭებთ სამუშაო დღესა და განწყობას, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში შეიძლება გაყვეს.
ირინა მამულაიშვილი
ალექსანდრე ჯეჯელავა
