მენეჯერი, რომელიც ყველას საქმეს თავად აკეთებს

manager writing something on the board

თანამედროვე ბაზარზე კონკურენცია არა მხოლოდ პროდუქტებს, არამედ კვალიფიციურ კადრებს შორისაც გამწვავდა. კომპანიები, რომლებიც გუნდის გაფართოებას და მართვის გაუმჯობესებას ცდილობენ, ხშირად ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას იღებენ: დააწინაურონ საუკეთესო შედეგების მქონე თანამშრომელი.

ამ ბლოგში „ფლომასტერის“ გუნდი გაგიზიარებთ იმ ძირითად გამოწვევებსა და შეცდომებს, რომლებსაც დამწყები მენეჯერები უშვებენ სამუშაო პროცესში.

სპეციალისტიდან ხელმძღვანელობამდე

კომპანიებში ხშირად გვხვდება ერთი კონკრეტული სცენარი: გუნდში არის თანამშრომელი – მაგალითად, პროგრამისტი, კონტენტ კრეატორი, არქიტექტორი ან ჟურნალისტი – რომელიც გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, საქმის კარგი ცოდნით და აქვს საუკეთესო სამუშაო შედეგები.

როდესაც გუნდი იზრდება და ჩნდება ახალი ხელმძღვანელის საჭიროება, კომპანიის მენეჯმენტი ხშირად იღებს გადაწყვეტილებას, რომ სწორედ ეს მაღალეფექტური თანამშრომელი დააწინაუროს და ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნოს. თუმცა, ამ მომენტიდან ხშირად იწყება სირთულეები, როგორც თავად ამ ადამიანისთვის, ისე მთელი გუნდისთვის.

რატომ ვერ ხდება კარგი სპეციალისტი ავტომატურად კარგი ხელმძღვანელი?

მთავარი შეცდომა იმის ვარაუდია, რომ თუ ადამიანი კარგად ასრულებს თავის პირვანდელ პროფესიულ მოვალეობებს, ის ავტომატურად შეძლებს ადამიანების მართვას.

როდესაც ახალი ხელმძღვანელი აწყდება სირთულეებს მართვის პროცესში, ხშირად, მას უბრალოდ აკლია კომპეტენცია. ვინაიდან ადამიანს ურჩევნია აკეთოს ის, რაც ზუსტად იცის და კარგად გამოსდის, ის ხშირად გაურბის მენეჯერულ მოვალეობებს. შედეგად, იგი უბრუნდება თავის ძველ სამუშაო ფუნქციებს და იწყებს დაქვემდებარებული თანამშრომლების დავალებების შესრულებას. 

როგორ იცვლება გუნდის სამუშაო პროცესი ამ დროს?

როდესაც ხელმძღვანელი საკუთარი ძალისხმევით ასრულებს გუნდის წევრების სამუშაოს, შედეგად ვიღებთ ორ პპრობლემას:

  • დაბალი მოტივაციის მქონე თანამშრომლები: სარგებლობენ ვითარებით, სამუშაოს ასრულებენ მინიმალური ძალისხმევით და სამუშაო დღის ბოლოს დროულად მიდიან, რადგან იციან, რომ მათ საქმეს ხელმძღვანელი გვიანობამდე თავად დაასრულებს.
  • მაღალი მოტივაციის მქონე თანამშრომლები: ზიანდებიან პროფესიულად, რადგან ხელმძღვანელი მუდმივად ერევა მათ სამუშაო პროცესში (კოდში, ტექსტში ან ნახაზებში) და არ აძლევს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო პროცესში ამას ხშირად უწოდებენ ხელმძღვანელის მხრიდან კომპიუტერის მაუსის ფიზიკურად ჩამორთმევის ფენომენს: როდესაც თანამშრომელი ვერ ასრულებს დავალებას პროგრამაში, მენეჯერი, ნაცვლად ახსნისა და სწავლებისა, თავად ჯდება კომპიუტერთან და აკეთებს საქმეს. ამ დროს თანამშრომელი ვერ სწავლობს პროცესს, კარგავს პასუხისმგებლობას, ხელმძღვანელი კი უბრალოდ დროს ხარჯავს არაეფექტურად.

მენეჯერული პოზიციის სწორი მართვა

პირველი დონის მენეჯერული პოზიცია ხშირად კომბინირებულია და მოიცავს როგორც ძველ პროფესიულ, ისე მართვის ფუნქციებს. თუმცა, ხელმძღვანელმა მკაცრად უნდა დაიცვას თავისი მოვალეობების საზღვრები: გადაანაწილოს დავალებები, მისცეს უკუკავშირი და იზრუნოს გუნდის წევრების განვითარებაზე.

სამუშაო პროცესების ეფექტურად წარმართვისა და გადაწვის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მენეჯერული უნარების შესწავლა. სწორედ დელეგირების ტექნიკასა და მართვის სტრატეგიებს ეთმობა ძირითადი დრო „ფლომასტერის“ მენეჯმენტის ტრენინგზე.

თუ თქვენც ახლახან გადახვედით სპეციალისტის პოზიციიდან მენეჯერულ პოზიციაზე, გაეცანით ჩვენს საინტერესო ტრენინგებს, რომლებიც გუნდის მართვის პროცესის სწორად სტრუქტურირებაში დაგეხმარებათ. 

მსგავსი სტატიები