ხელოვნური ინტელექტი — საფრთხე თუ შესაძლებლობა?

ხელოვნური ინტელექტი საშიშია?

დღესდღეობით, ცოტა თუ მოიძებნება ტექნოლოგიური თემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) მსგავსად მძაფრ საზოგადოებრივ დებატებს იწვევს. აკადემიურ წრეებში, სატელევიზიო გადაცემებში თუ ყოველდღიურ საუბრებში ეს საკითხი მუდმივად აქტუალურია. მოსაზრებები კი, როგორც წესი, რადიკალურად განსხვავებულია: ერთი მხარე მას კაცობრიობის განვითარების ახალ ეპოქად და უამრავი სიკეთის მომტანად განიხილავს, მეორე კი შიშით უყურებს მომავალს.

განსხვავებული შეხედულებები ხელოვნური ინტელექტის შესახებ

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ რესურსს ჩაანაცვლებს, რის გამოც ზოგი მის გამოყენებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ამავდროულად, სხვებისთვის ის ყოვლისშემძლე ასისტენტია, რომელიც ყოველდღიურ რუტინას ამარტივებს და მუშაობის პროცესში ინტეგრირების ახალ გზებს სთავაზობს. არსებობს მესამე, ზომიერი პოზიციაც, რომლის მიხედვითაც, მთავარი ბალანსია და ტექნოლოგიის სწორი და ეთიკური გამოყენება მხოლოდ სარგებელს მოიტანს. 

ეს ყველაფერი ერთ მთავარ კითხვამდე მიდის: სად გადის ზღვარი? ჩვენი პროფესიული და პიროვნული მომავლისთვის, AI ახალი შესაძლებლობაა თუ ფარული საფრთხე?

რა არის თქვენი, როგორც მომხმარებლის როლი და პასუხისმგებლობა

ამ საკითხის გასააზრებლად ხშირად იყენებენ მარტივ ანალოგიას: „ჩაქუჩი მშენებლის ხელში სახლს აშენებს, დამნაშავის ხელში კი — დაანგრევს. არის ეს ჩაქუჩის ბრალი?“ თუ ჩაქუჩს ხელოვნური ინტელექტით ჩავანაცვლებთ, ცხადი ხდება, რომ ტექნოლოგიის გავლენა მის მომხმარებელზეა დამოკიდებული. 

არაკეთილსინდისიერ ადამიანს AI-ის გამოყენებით შეუძლია დეზინფორმაციის გავრცელება ან სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება. ამავდროულად, მოაზროვნე და მიზანდასახულ ადამიანს ის ახალი იდეების გენერირებაში, რთული მონაცემების ანალიზსა და პროდუქტიულობის გაზრდაში დაეხმარება. 

შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი, როგორც ნებისმიერი სხვა ტექნოლოგია თუ ხელსაწყო, თავისთავად ნეიტრალურია და მისი საბოლოო ეფექტი გამოყენების მიზნებსა და მეთოდებზეა დამოკიდებული.

მთავარია გქონდეთ მკაფიო მიზანი

რადიკალური პოზიციები, ბრმა ნდობა თუ კატეგორიული უარყოფა, თითქმის არასდროს  არის ეფექტური. ნაცვლად ამისა, საჭიროა რაციონალური მიდგომა, რაც გულისხმობს იმის შესწავლას, თუ რისთვის და როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.

ამ კონტექსტში, საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ არსებულ ეპიზოდთან. როდესაც ელისი კატას ეკითხება, რომელი გზით წავიდეს, კატა პასუხობს, რომ თუ არ იცი, სად მიდიხარ, გზის არჩევასაც არ აქვს აზრი. ანალოგიურად, თუ მომხმარებელმა არ იცის, რისი მიღწევა სურს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მისთვის რთული იქნება იმის განსაზღვრა, რომელი პროგრამაა უკეთესი, როგორ ჩამოაყალიბოს დავალება (prompt) და რამდენად დაეყრდნოს მიღებულ შედეგს. ამიტომ, პირველი რიგის ამოცანა მკაფიო მიზნის დასახვაა.

ლუის კეროლის პერსონაჟის დილემა საოცრად აქტუალურია XXI საუკუნის ტექნოლოგიურ კონტექსტში. დღეს ინტერნეტი სავსეა ტრენინგებით, ვიდეოებითა თუ სტატიებით და ამ ინფორმაციულ აურზაურში რთულია სწორი გზის პოვნა. მაგრამ, მაინც უმჯობესია თავდაპირველად ხელოვნური ინტელექტი რუტინული, ცხადი და კონკრეტული ამოცანების შესრულებისაკენ მიმართოთ, მაგალითად, იმეილები შეადგენინოთ, კვლევის მასალები შეაჯამებინოთ, პრეზენტაციის სტრუქტურა შეაქმნევინოთ და ა.შ. 

გახსოვდეთ: აუცილებელია მის მიერ მოწოდებული ფაქტების გადამოწმება, გენერირებული ტექსტის რედაქტირება და საბოლოო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.თუ ამ საკითხის შესახებ უფრო მეტის გაგება გინდათ და გსურთ ეს შესაძლებლობა თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ, მაშინ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ კურსზე უნდა დარეგისტრირდეთ. გვჯერა, რომ აქამდე რაც საფრთხედ გეჩვენებოდათ, ამ კურსის გავლის შემდეგ შესაძლებლობად გარდაიქმნება.

მსგავსი სტატიები