ალბათ, თქვენც გქონიათ ეს უცნაური შეგრძნება კვირა საღამოს — მომავალ ორშაბათზე ფიქრი უკვე ფიზიკურ დაღლილობას გგვრით.
მილენიალებს ხშირად უწოდებენ „გადაწვის თაობას” (The Burnout Generation). Aflac-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მილენიალების 66% ამბობს, რომ საშუალო ან მაღალი დონის გადაწვა აქვს — გაცილებით მეტი, ვიდრე Baby Boomer-ებში, სადაც ეს მაჩვენებელი მხოლოდ 39%-ს შეადგენს.
საინტერესოა რატომ აღმოჩნდა მილენიალების თაობა “ყველაზე დაღლილი”?
ამ ბლოგში “ფლომასტერის” გუნდი გაგიზიარებთ იმ მთავარ მიზეზებს, რაც მილენიალების გადაწვას იწვევს და რა ნაბიჯები უნდა გადადგათ სიტუაციის გამომსასწორებლად.
ვინ არიან მილენიალები?
მილენიალები 1981-1996 წლებში დაბადებული ადამიანები არიან — თაობა, რომელსაც დისკებიც ახსოვს და პირველი iPhone-იც, dial-up ინტერნეტიც და სოციალური მედიის აფეთქებაც. სწორედ ეს გარდამავალი პერიოდი განსაზღვრავს მილენიალების მახასიათებლებს — ისინი ორ სამყაროს შორის გაიზარდნენ და ორივეს წესებით უწევთ თამაში.
რისთვის მუშაობენ მილენიალები? ფულისთვის — რა თქმა უნდა. მაგრამ არა მხოლოდ. კვლევები აჩვენებს, რომ ამ თაობისთვის სამსახური განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე უნდა იყოს. მათ სურთ იგრძნონ, რომ ის, რასაც აკეთებენ, რაღაც მიზანს ემსახურება.
რატომ არიან მილენიალები მუდმივად „ჩართულები”?
წარმოიდგინეთ ლეპტოპი, რომელიც წლებია არ გამოთიშულა — მხოლოდ „ძილის რეჟიმშია”, ნებისმიერ წამს მზადაა გაიღვიძოს. ამბობენ, რომ ზუსტად ასე გამოიყურება დღეს მილენიალის ტვინი.
მილენიალები სამუშაო ბაზარზე მაშინ გავიდნენ, როცა Slack-მა, WhatsApp-მა და უსასრულო email-ებმა საოფისე კულტურა შეცვალეს. ბევრ კომპანიებში ამ ხელსაწყოებმა წაშალეს საზღვარი სამსახურსა და პირად დროს შორის. შეტყობინება საღამოს 10-ზე — “ნორმალურია”. სწრაფი პასუხი შაბათს — “პროფესიონალიზმია”.
ამას ემატება ისიც, რომ კონკურენცია წარმოუდგენლად გაიზარდა — ერთ პოზიციაზე ასობით კანდიდატი, მაღალი მოლოდინები და მუდმივი განცდა, რომ თუ წამიერად „გამოვრთვებით”, ვიღაც სხვა ჩვენს ადგილს დაიკავებს.
შედეგად, როცა ვისვენებთ, მაშინაც კი სრულად არ ვისვენებთ.
„სენდვიჩის თაობა”: პასუხისმგებლობის ორმაგი ტვირთი
მილენიალები ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე არიან, როცა ერთდროულად უწევთ ზრუნვა მცირეწლოვან შვილებზეც და ასაკოვან მშობლებზეც. ამას „სენდვიჩის თაობას” უწოდებენ — და ეს სახელი ზუსტად ასახავს შეგრძნებას: ორი მხრიდან ზეწოლა, შუაში კი — მილენიალები.
ამ ტვირთს ადრე ძირითადად X თაობა ატარებდა. მაგრამ დღეს სიტუაცია უფრო განსხვავებულია: ხანდაზმული მშობლები უფრო დიდხანს საჭიროებენ მოვლას, ხოლო მილენიალები შვილებს უფრო გვიან აჩენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე პასუხისმგებლობა ერთდროულად ეკისრებათ.
და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა მილენიალების ფინანსური მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია. Morning Consult-ის კვლევის მიხედვით, მილენიალები შემოსავლით X თაობას თითქმის გაუტოლდნენ, მაგრამ დანაზოგებით ჯერ კიდევ ჩამორჩებიან. ხოლო Deloitte-ის კვლევით, მილენიალების თითქმის ნახევარი ფინანსურად უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს.
როცა დარჩენა უფრო სარისკოა, ვიდრე წასვლა
მილენიალების შრომა ძირითადად ინტელექტუალური და ემოციურია. ტვინი პრობლემებს ზოგჯერ ღამითაც ამუშავებს და შეხვედრებისთვის წინასწარ „ვარჯიშობს”.
ამას ემატება ის, რასაც მკვლევრები „ემოციურ შრომას” უწოდებენ — კლიენტების, კოლეგების და უფროსების მოლოდინების მართვა, სახის გამომეტყველების კონტროლი, „პროფესიონალური ტონის” შენარჩუნება მაშინაც კი, როცა ყველაფერი არასწორად მიდის. კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ ეს უხილავი შრომა იწვევს გადაწვას გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ფიზიკური დატვირთვა.
როდესაც ადამიანი აგრძელებს მუშაობას იქ, სადაც ემოციურად უკვე აღარ არის, იწყება „ჩუმი წასვლის“ (Quiet Quitting) პროცესი. თქვენ ფიზიკურად იქ ხართ, მაგრამ გონებით – სხვაგან. საბოლოოდ, ეს მდგომარეობა უფრო მეტ ზიანს აყენებს მენტალურ ჯანმრთელობას (შფოთვა, დეპრესია), ვიდრე კარიერული ცვლილების რისკი.
როგორ ავიცილოთ თავიდან გადაწვა?
გადაწვა არ არის ხასიათის სისუსტე და მისი გადაჭრა ნებისყოფით ან „უბრალოდ მეტი დასვენებით” არ ხდება. კვლევები აჩვენებს, რომ ეს სისტემური პრობლემაა და სისტემური გადაწყვეტაც სჭირდება.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამუშაოს მოქნილობაა. გამოკითხული მენეჯერების 79% ამბობს, რომ მათი გუნდი დისტანციურ ან ჰიბრიდულ რეჟიმში უფრო პროდუქტიულია. ხოლო დასაქმებულები ფიქრობენ, რომ გადაწვის ნაკლები მაჩვენებელი სახლიდან მუშაობის ერთ-ერთი მთავარი დადებითი ფაქტორია. მილენიალებისთვის, რომლებიც პროფესიულ და საოჯახო პასუხისმგებლობებს ერთდროულად ითავსებენ, მოქნილობა პირდაპირ კავშირშია ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან.
მეორე — ციფრული საზღვრები. მუდმივი ხელმისაწვდომობა პროდუქტიულობას კი არ ზრდის, პირიქით. კვლევები აჩვენებს, რომ სამუშაო საათების შემდეგ შეტყობინებებზე რეაგირება კოგნიტური რესურსების გამოფიტვას იწვევს. კონკრეტული „გამორთვის” საათების დაწესება გადაწვის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.
და ბოლოს — პროფესიული სტაგნაცია და გადაწვა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. განვითარების შეჩერება სამსახურს რუტინად აქცევს, რაც ემოციური გამოფიტვის მთავარი მამოძრავებელია.
თუ გრძნობთ, რომ ცვლილებებისთვის მზად ხართ, მაგრამ გჭირდებათ სწორი ხელსაწყოები და გარემო, შემოუერთდით „ფლომასტერის“ ტრენინგებს – გააფართოვე შენი პროფესიული ჰორიზონტი, აითვისე თანამედროვე მიდგომები და განავითარე უნარები, რომლებიც კარიერულ წინსვლას მოგიტანს.
