პროექტების 70% ვერ აღწევს დასახულ მიზნებს. მიზეზი კი ხშირად არა ტექნიკური პრობლემები, არამედ მართვის ხარვეზებია. ამ სტატისტიკის უკან იმალება ათასობით დაკარგული შესაძლებლობა, გაფლანგული რესურსი და იმედგაცრუებული გუნდი.
„ფლომასტერის” გუნდს გვჯერა, რომ მენეჯერობა დასწავლადი უნარია. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, გამოვყავით 5 კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც 21-ე საუკუნეში პროექტების მენეჯერებს სჭირდებათ.
სტრატეგიული აზროვნება
Netflix-მა DVD-ების გაქირავებიდან სტრიმინგ პლატფორმაზე გადასვლა მაშინ დაიწყო, როცა DVD-ბიზნესი ჯერ კიდევ მომგებიანი იყო. კომპანიის პროექტის მენეჯერებმა დაინახეს ის, რაც სხვებმა ვერ შეამჩნიეს – ბაზარი იცვლებოდა და მომავალი ციფრულ პლატფორმებს ეკუთვნოდა ანუ მათ სტრატეგიულად იაზროვნეს.
სტრატეგიული აზროვნება ნიშნავს უნარს, დაინახო კავშირები იქ, სადაც სხვები მხოლოდ ცალკეულ ამოცანებს ხედავენ. მენეჯერი ცალკეულ პროექტებს კომპანიის საერთო მიზნებთან აკავშირებს და იმას განჭვრეტს, თუ როგორ შეუძლია თითოეულ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი შედეგის მოტანა.
სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად პროექტის მენეჯერმა უნდა დასვას შემდეგი შეკითხვები:
- რატომ ვაკეთებთ ამ პროექტს?
- რა ღირებულებას ქმნის ის ბიზნესისთვის?
- შეიძლება თუ არა მიზნის მიღწევა სხვა, უფრო ეფექტური გზით?
სტრატეგიულად მოაზროვნე პროექტის მენეჯერი ასევე ხედავს ტენდენციებს. ის ამჩნევს ბაზრის ცვლილებებს, ხვდება, რომ ტექნოლოგიები ძველდება ან მომხმარებლებში ახალი ინტერესები ჩნდება. ეს მას საშუალებას აძლევს, პროექტი დროულად შეცვალოს და არ დაელოდოს კრიზისს.
მონაცემების ანალიზი
დღეს ყველაფერი იზომება და თითოეული “კლიკი”, ტრანზაქცია თუ ინტერაქცია ინტერნეტ სივრცეში კვალს ტოვებს, რომელიც მონაცემებად გარდაიქმნება. მონაცემები კი გვეუბნება, რეალურად რა მუშაობს, რა აწუხებს მომხმარებელს, სად იკარგება დრო და რესურსი. ის მენეჯერი, რომელიც ამ შედეგების ანალიზს ვერ აკეთებს, პროექტს ინტუიციურად მართავს. ასეთი მიდგომა დროისა და ბიუჯეტის ფუჭი ხარჯვის, უარეს შემთხვევაში კი მცდარი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიზეზი ხდება.
მონაცემთა ანალიზი რთული და ძალიან ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, დღეს ყველა მენეჯერს აქვს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. მათ შეუძლიათ დაიხმარონ ხელოვნური ინტელექტი და აღმოაჩინონ ტენდენციები, დააფიქსირონ ხარვეზები ან იწინასწარმეტყველონ ტრენდები. AI მონაცემებს მოკლე დროში გაანალიზებს, მენეჯერი კი მათ ინტერპრეტირებას მოახდენს — კონტექსტის გათვალისწინებით განსაზღვრავს, რატომ დაეცა გუნდის პროდუქტიულობა ან რატომ არიან მომხმარებლები უკმაყოფილოები.
ცხადია, ამ ინსტრუმენტების ეფექტურად გამოსაყენებლად საჭიროა შესაბამისი ცოდნა. სწორედ ამიტომ, სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება მენეჯერებისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი.
კომუნიკაცია
პროექტის მენეჯერი ხიდის როლს ასრულებს დეველოპერებს, დიზაინერებს, მარკეტინგისა და მენეჯმენტის გუნდებს შორის. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარი, რადგან თითოეული ჯგუფი საკუთარ ენაზე საუბრობს.
ეფექტური კომუნიკაცია ნიშნავს არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას, არამედ იმის მიღწევას, რომ ყველამ ერთნაირად გაიგოს მიზნები და ამოცანები. ეს არის უნარი, ტექნიკური დეტალები მენეჯმენტს გასაგებად აუხსნა, დეველოპერებისთვის კი ბიზნეს მოთხოვნები კონკრეტულ ამოცანებად აქციო. ეს არ არის თანდაყოლილი ნიჭი, არამედ პრაქტიკით გამომუშავებადი კომპეტენცია, რომლის დახვეწასაც ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ემსახურება.
კომუნიკაცია, თავის მხრივ, გულისხმობს მოსმენასაც. ხშირად გუნდის წევრები პირდაპირ არ საუბრობენ. ისინი იყენებენ შემდეგ ფრაზებს: ,,შეიძლება რთული იყოს”, ვნახოთ, რა გამოვა”… პროექტის კარგი მენეჯერი ამ ფრაზებს მიღმა კონტექსტს კითხულობს, პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას ცდილობს.
Covid-19-ის პერიოდიდან დისტანციური მუშაობის პრაქტიკა დაინერგა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა კომუნიკაცია. როცა ვერ ხედავ კოლეგის სახის გამომეტყველებას, ტექსტური შეტყობინება უნდა იყოს მაქსიმალურად მკაფიო და ცალსახა. ყოველი ინსტრუქცია, გადაწყვეტილება თუ ცვლილება ისე უნდა დაფიქსირდეს, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და გადახედვა.
რისკების მართვა
ისევ პანდემიას რომ დავუბრუნდეთ, ამ პერიოდმა ყველას გვასწავლა, რომ აბსოლუტურად პროგნოზირებაში პროექტები არ არსებობს. მომწოდებლის პრობლემები, გუნდის წევრის ავადმყოფობა, ტექნოლოგიური ხარვეზები, ბაზრის მოულოდნელი ცვლილება — ეს რისკები ყველგან არის და ყოველთვის იქნება.
რისკების მართვა მხოლოდ შესაძლო პრობლემებისა და ხარვეზების პროგნოზირებას არ გულისხმობს. მენეჯმენტისათვის აუცილებელია ისეთი სისტემების შექმნა, რომლებიც სწრაფად ადაპტირებადი იქნება. მაგალითად, მოკლე დროში მოხდება ალტერნატიული გეგმის შემუშავება, გათვალისწინებული იქნება დაკარგული დრო და გუნდში იარსებებს მზაობა სწრაფი ცვლილებებისთვის.
რისკების მართვა გულისხმობს პრიორიტეტების მკაფიო განსაზღვრასაც. როცა არსებობს ალბათობა იმის, რომ დასახული მიზნები სრულად ვერ მიიღწევა, უნდა განისაზღვროს რა არის ის მინიმუმი, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს და რა შეიძლება გადაიდოს მომავლისთვის.
ემოციური ინტელექტი
ტექნოლოგიები და პროცესები მნიშვნელოვანია, მაგრამ პროექტებს ადამიანები ასრულებენ. კვლევები აჩვენებს, რომ ლიდერის ემოციური ინტელექტი გუნდის პროდუქტიულობის 30%-ს განსაზღვრავს.
ამ დროს მენეჯერმა უნდა ამოიცნოს:
- როდის არის გუნდის წევრი გადაღლილი, როდის საჭიროებს ის დახმარებას და რა სჭირდება მას განსავითარებლად;
- როდის არის კონფლიქტი კონსტრუქციული და როდის ხდება დესტრუქციული;
- რა ამოტივირებს სხვადასხვა ტიპის ადამიანს — საუბარი, წახალისება, ახალი გამოწვევა თუ სხვა.
ემოციური ინტელექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისულ სიტუაციებში. როცა დედლაინები იწურება და სტრესი იზრდება, სწორედ ემოციურად ინტელექტუალური ლიდერი უნარჩუნებს გუნდს ფოკუსსა და მოტივაციას. მან იცის, როდის უნდა შეამციროს ტემპი გადაწვის თავიდან ასაცილებლად და როდის უნდა დააჩქაროს შედეგის მისაღწევად.
ემოციური ინტელექტი ასევე ნიშნავს საკუთარი ემოციების მართვას. პროექტის მენეჯერის პანიკა ან გაღიზიანება მყისიერად ვრცელდება გუნდზე. მშვიდი და თავდაჯერებული ლიდერი ყველაზე ქაოსურ სიტუაციაშიც უნარჩუნებს გუნდს მოტივაციას.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს უნარები არ ვითარდება ერთ დღეში. საჭიროა მუდმივი სწავლა, პრაქტიკა და საკუთარ შეცდომებზე რეფლექსირება.თუ ხართ მოტივირებული, რომ გახდეთ ისეთი ლიდერი, რომელიც ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდება და გუნდის მოტივატორი იქნება, შემოგვიერთდით ,,ფლომასტერის” პროექტების მართვის კურსზე
